ლაზიკა ბოროტებაა


ლაზიკა



ლაზიკას მშენებლობა  ზოგადად ჩვენში  ‘რევოლუციის’ შემდეგ დაწყებულ მშენებლობათა ლოგიკის გაგრძელებაა. თავისთავად შენებაში რა თქმა უნდა ბოროტი არაფერია. მაგრამ: დავაკვირდეთ, რისი მშენებლობა ხდება ძირითადად? მშენებლობების პროცესი  მიმართულია ერთი რამისკენ - ისეთი ქალაქების იმიჯების შესაქმნელად, რომელმაც ქვეყანა მიმზიდველად უნდა წარმოადგინოს ტურისტისთვის, უპირატესად, ფულიანი ტურისტისთვის. სასტუმროები, კაზინოები, რესტორნები, ფასადები, ასევე გზები, რომლებიც ამ სასტუმროებისა და კაზინოებისაკენ მიგვიძღვებიან, შესაბამისი ინფრასტრუქტურა... ასევე, იმისკენ, რამაც დიდი ფულის მფლობელებს ჩვეული კომფორტისა და უსაფრთხოების განცდა უნდა შეუქმნას: ბანკები, პოლიცია და ციხეები...


სახელმწიფოს თითქმის არ აქვს ფული ყველაზე მთავარი მშენებლობებისთვის: სკოლებისთვის, ქარხნებისთვის და ა.შ. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ პოლიტკის და საქმიანობის მთავარი მიზანი რომ მშენებლობაა -  ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, და არა - კეთილდღეობის და დემოკრატიის მშენებლობა - ეს  უკვე არის ბოროტება. თავის დროზე მერაბ მამარდაშვილი აკრიტიკებდა საბჭოური მითოსის ერთ მთავარ შემადგენელს - იმ რწმენას, რომ რაიმე ნაგებობის შენებით - სოციალიზმს ვაშენებთ.  კიდევ დიდხანსაც რომ დარჩეს ძალაუფლებაში, საეჭვოა ამ ხელისუფლებამ იმის მეასედი შეძლოს, რაც ამ თვალსაზრისით შეძლეს სტალინმა, ჰიტლერმა, პინოჩეტიმ - ისტორიაში მსგავსი მასშტაბების მოდერნიზაციის პროექტების ანალოგების ნახვა ალბათ შეუძლებელია. მაგრამ - მოდერნიზაცია და მშენებლობა - დემოკრატიას და კეთილდღეობას რომ არ უდრის - დიდი ხნის წინ დამტკიცებული, ბანალური ჭეშმარიტებაა. მაშ რას უდრის?

ლაზიკის მერიის მაკეტი

რა თქმა უნდა, მიზანი არაა  ტურისტების მოზიდვა. ეს მხოლოდ მთავარი მიზნის ‘გაპრავებაა’. რაღაცით ხომ უნდა გამართლდეს მთელი ეს ისტერიკა.  რეალური მიზეზი გაცილებით სერიოზულია - ფულის კეთება თავად ამ გრანდიოზული მასშტაბების მშენებლობით! ესაა 'ბიზნესი', სადაც ყველაზე დიდი ფული კეთდება ყველაზე უმტკივნულოდ.  ესაა პროცესი, რომელიც თითქმის 40 წელია მიმდინარეობს ნეოლიბერალიზმის ეგიდით, რომელმაც უკვე მოიტანა შედეგები, და რომელიც კარგადაა შესწავლილი საიმისოდ, რომ ვიცოდეთ, რას გვიქადის ეს პროცესი ჩვენ - ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ამ პროცესის ვრცელი და საუკეთესო აღწერა შემიძლია შემოგთავაზოთ დევიდ ჰარვის ტექსტის სახით, რომელსაც ამ ლინკზე იპოვით: http://www.mediafire.com/?plbdff0mv7lhe74

საქმე იმაშია, რომ ურბანიზაცია - საქალაქო ტიპის მშენებლობები - საუკეთესო მეთოდია დაგროვილი და ჯერ გამოუყენებელი, ჭარბი კაპიტალის დასახარჯად, რათა მან კიდევ უფრო მეტი მოგება მოუტანოს მის მფლობელებს. ჭარბი კაპიტალი განუწყვეტლივ ეძებს ადგილს ყველგან მსოფლიოში, სადაც ინვესტიციის სახით და დიდი მოგებისთვის შეძლებს დაბანდდეს. სამწუხაროდ, ბრმა რწმენის მიუხედავად, რომ ეს ყველასთვის კარგია, პრაქტიკა საპირისპიროს აჩვენებს. ამგვარი ურბანიზაციის შედეგები მრავალ ქვეყანაში, სადაც ნეოლიბერალური მეთოდები გამოიცადა, ყოველთვის კატასტროფულია (ამის კონკრეტული მაგალითების შესახებაც ჰარვის ტექსტში წაიკითხავთ). ჩვენც უკვე ვგრძნობთ ამ უგუნური მიდგომების შედეგს, და თუ ეს დაუყოვნებლივ არ აღიკვეთა, კატასტროფის იმ ზღვარს მივუახლოვდებით, რომლიდან გამოსავალი უკიდურესად რთული და ხანგრძლივი იქნება.


ლონდონის მერია

რა თქმა უნდა, ეს მეთოდი უბრალოდ არცოდნით ან გამოუცდელობით გამოწვეული შეცდომა არაა.  წესით, დღეს ამ მიდგომების ადეპტებმა კარგად უნდა იცოდნენ შედეგები. და საქმეც იმაშია, რომ იციან კიდეც. თუ პირველ ექსპერიმენტატორებს რაღაც გამართლება მინც შეიძლება ჰქონოდათ - რადგან შედეგები ჯერ არ იყო ყველასათვის თვალსაჩინო - დღეს ეს მიზანმიმართული ბოროტებაა. ფულის ამ ურიცხვი რაოდენობის ასეთი ხარჯვის შედეგად გაფუჭებული საქმე ჩვენი გამოსასწორებელი იქნება. სამაგიეროდ, დაგროვილი ასეული მილიონებით, შესაძლოა მილიარდებით, დღევანდელი ხელისუფლება ხვალ უკვე თავად, სხვაგან  ეცდება კაპიტალის გამრავლებას მსგავსი მეთოდებით. ასევე, ფულის გამოყენების სხვა გზას მონახავენ სახელისუფლებო მედია, ე.წ.  ‘საჯარო ინტელექტუალები’ ‘ფეისები’ და ა.შ., რომელთაც ამ უზარმაზარი მოგებიდან ნასუფრალი ეკუთვნით უკიდურესად აუცილებელი საქმიანობისათვის: ხელისუფლების გუნდრუკის კმევა და ხალხის ‘დაბოლება’ წამით რომ არ შეწყვიტონ. ამაზე ბევრს აღარ შევჩერდები, მითითებულ ტექსტში ამომწურავადაა პროცესი ახსნილი.

რას ნიშნავს კერძოდ ლაზიკის მშენებლობა: ხალხის აყრას თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან, გადასახლებას ჭაობებში და კვალიფიკაციების არქონის გამო, მათ მხოლოდ ფიზიკურ ძალად გამოყენებას, მძიმე და ჯანმრთელობისთვის საშიშ სამუშაოებზე იაფ მუშახელად, ლამის მონებად დასაქმებას - ეს ყველაფერი უწყვეტი ხმამაღალი და ზეიმური პროპაგანდის ფონზე. ჩვენი დღვანდელი შრომის კანონმდებლობა და ხალხის უკიდურესი გაჭირვება სამოთხის პირობებს ქმნის იმ კორპორაციებისათვის და კერძო პირებისთვის, ვისაც მონები სჭირდება, რათა კიდევ უფრო მეტი ფული მოიგოს ამ პროცესიდან - ხელისუფლების მხრიდან მონების შეთავაზების გარეშე, საეჭვოა ინვესტორთა მოზიდვამ სასურველი მასშტაბი მიიღოს. ამ ხალხის ნაწილი ალბათ იქვე დარჩება, რადგან არავითარი პირი არ უჩანს, რომ ამ ხელისუფლებას ქვეყანაში დასაქმების პრობლემის გადაჭრა შეუძლია, ან სურს. შესაბამისად, წასვლასაც აზრი არ ექნება.  და ვისაც ბედი გაუღიმებს, იქაურ ფეშენებელურ სასტუმროებში, რესტორნებში, კაზინოებში და ა.შ. დამლაგებლის და მოახლის როლს შეასრულებს, სხვა დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოებზე, ყველაზე მეტი - ბანკის მოლარედ იმუშავებს დამამცირებლად დაბალ ხელფასებზე.


ლაზიკა (მაკეტი)

ეს გრძელვადიან პერსპექტივაში კატასტროფულ საზოგადოებრივ შედეგებს გამოიწვევს, რაც ჩვენი დღევანდელი ახალგაზრდების და მომავალი თობების აღმოსაფხვრელი იქნება. მაგრამ იმას, ვინც ამ პროცესიდან ხვალ და ზეგ მილიონებს იშოვიან, ასევე, ზემოხსენებულ ნასუფრალზე მცხოვრებთ, ეს არ ადარდებთ. 


ამ პროცესის მრავალ კატასტროფულ შედეგთა შორის იქნება მდიდართა და ღარიბთა შორის უთანასწორობის კიდევ უფრო გაღრმავება, სიღატაკე და გაუნათლებლობა, ჯანმრთელობის მოშლა და კრიმინალის ზრდა. შედეგად, დამშეულ და ავადმყოფ ადამიანებთან ერთად, ნულოვანი ტოლერანტობის ‘კეთილშობილური’ ლოზუნგის სკანირების ფონზე კიდევ უფრო მოიმატებს პატიმრების რიცხვი - კრიმინალი ბევრისათვის ერთადერთ გზად დარჩება შვილებისათვის ყოველდღიური ლუკმა პურის მოსაპოვებლად. ეს არაა ფანტასტიკური ჟანრის ფილმის თხრობა. ესაა რეალური ისტორიები მექსიკიდან თუ ნიუ იორკიდან, დუბაიდან თუ ჩილედან - სადაც მსგავსი პროექტები ‘წარმატებით’ განხორციელდა. ბოლოს და ბოლოს, ამის მკაფიო ნიშნები ჩვენთანაც სახეზეა.

ამ პროცესის კიდე ერთი მხარე არის სრული არადემოკრატიულობა. ცივილიზებულ, ან ასეთზე თუნდაც პრეტენზიის მქონე ქვეყნებში ხალხს გადაწყვეტილების მიღებამდე ფორმალურად მაინც აცნობენ პროექტებს. ზოგგან, მაგ. შვეიცარიაში,  მცირე ქალაქშიც კი მდინარეზე ხიდს ვერ გადებ, თუ მანამდე საერთო-სახალხო რეფერენდუმი არ მოაწყვე. მაგრამ ცხადია, რომ თუ ჩემი ზემო მსჯელობა სწორია, არავითარი მოსახლეობასთან კონსულტაცია და აზრის შეტყობა არც უნდა ყოფილიყო. კატაკლიზმური პროექტები შოკურ მეთოდებს მოითხოვს. ამ შემთხვევაში - ხალხისთვის ასეთი გრანდიოზული პროექტის გადაწყვეტილების ‘შუბლში ჯახებას’. ამ შოკით გამოწვეულ ემოციურ ფონზე რაციონალური დისკუსია უკვე გამორიცხულია. ყველამ იცის, რომ ამას აზრიც არ აქვს.  აქ პროექტის დიზაინზე არ შევჩერდები, მაგრამ ცხადია - ფანტასმაგორიული, ყოველგვარ აუთენტურობას და სტილს მოკლებული, პლაგიატორული არქიტექტურული იმიჯები - სწორედ ამ შოკის ეფექტს ემსახურება და რა თქმა უნდა მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც მსგავსი რეალიზებული პროექტები ლონდონიდან დაწყებული - დუბაიმდე - ჯერ ინტერნეტშიც კი არ უნახავს. ასევე არაფერს ვიტყვი ეკოლოგიურ ასპექტებზე.  ბუნებრივია: გადაწყვეტილების მიღებამდე დებატების, საზოგადოების და პირველ რიგში, პროფესიონალთა განსხვავებული აზრის შეტყობის აუცილებლობის აღიარებამ შეიძლება ბევრი რამ ცხადი გახადოს. ამიტომ ხელისუფლება ისე იღებს გადაწყვეტილებებს ჩვენი (!) ფულის, ჩვენი ყოველდღიური, ხშირად მძიმე შრომით მოპოვებული ფულის - მრავალი მილიარდის დახარჯვის შესახებ, რომ ხალხს არაფერს ეკითხება. ხალხს მხოლოდ უფლება აქვს უკვე მიღებული გადაწყვეტილებები გადაყლაპოს - ცხადია, კრიტიკული აზრის მოსმენის ყველანაირი იმედის გარეშე.  


დუბაი

ეჭვიც არ მეპარება, რომ მთავარი მიზანი  - მილიარდების კეთებაა. მაგრამ რაიმენაირი საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია ხომ მაინც საჭიროა. ჰოდა რაღაცეებს ბოდავენ. ეს ბოდვა რა თქმა უნდა, დემოკრატიული ხელისუფლების პოზიციასთან ახლოსაც ვერ მოვა, ეს შეუძლებელია სრულიად. ერთადერთი, სადამდეც შეიძლება ამ დემაგოგიამ გაქაჩოს, არის დაახლოებით სტალინის, ან რუსეთის იმპერატორ პეტრე დიდის ფილოსოფია: ‘მე ვაშენებ პეტერბურგს, იმიტომ რომ ქვეყანა - მე ვარ, ყველაზე უკეთ მე ვიცი და ა.შ’. მათთვის ქვეყანა - მხოლოდ სახელმწიფოა, სახელმწიფო კი - ძალაუფლება და  ხელისუფლებაა და არა ხალხი. ხალხი მხოლოდ მასალაა მათი პროექტებისათვის.

ხალხი რომ ადარდებდეთ, როგორ მოიქცეოდნენ? იმ უზარმაზარ ფულს, რაც ინვესტიციებთან ერთად, ბიუჯეტიდან უეჭველად დაიხარჯება - მიმართავდნენ ადამიანების საცხოვრებელ ადგილებზე დასაქმებისკენ. მცირე გადამამუშავებელი ქარხნების აშენებისკენ (საიდანაც ფულის ‘მოტეხვა’, პროცესის გამჭვირვალობის და ფასების საჯაროობის გამო თითქმის შეუძლებელია), ინდუსტრიის განვითარებისკენ, ბაზრების მოპოვებისკენ, ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ, გადამზადებისკენ  - რომ ხალხს იქ ეგრძნო თავი კარგად, სადაც დაიბადა, გაიზარდა და სურს იცხოვროს, იმის კეთებით რაც თითონ სურს. ამისთვის ჩვენ ბიუჯეტს საკმარისზე მეტი ფული აქვს. დაახლ. 100 სოფლის მეურნეობის მცირე გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას დაახლ. 300 მილიონი სჭირდება. რამოდენიმე წლის მანძილზე გაწერის შემთხვევაშიც კი, ეს არც ისე დიდი თანხაა ბიუჯეტისთვის. ხოლო სასიკეთო შედეგი მალე იქნება ძალზე თვალსაჩინო. გარდა ბიუჯეტისა, მრავალი ასეთი და დამხმარე (მაგ. სასწავლო, კვალიფიკაციის ასამაღლებელი) პროექტისათვის საკმარისი ფულის შოვნა შეიძლება საერთაშორისო ფონდებიდან. მექსიკის, ბრაზილიის და სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმა კარგად არგუმენტირებული პროექტების წარდგენისას ასეულობით მილიონი დოლარი  მიიღეს  მსოფლიო ბაკისგან შიმშილობის და სიღატაკის დასაძლევად. რამოდენიმე წელში მაგ. ბრაზილიაში სიღატაკე 20 %-ით შემცირდა, ეს ლამის სასწაულებრივი მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკი იმისთვისაა, რომ განვითარებად ქვეყნებს დაეხმაროს, მაგრამ პროგრამებს ქვეყნების ხელისუფლებანი წარუდგენენ. რა თქმა უნდა მათ ამოწმებენ, მაგრამ იმ დონეზე, რომ სუვერენობის პრინციპი არ დაირღვეს. ქვეყნის (ხელისუფლების) გადაწყვეტილება უპირატესია.  ცხადია, ეს პროცესი და ინსტიტუციები უნაკლო არაა, მაგრამ კვლავ - ზოგიერთი ქვეყნის შედარებით პატიოსანმა ხელისუფლებამ შეძლო ამ ინსტრუმენტების ადამიანების სასიკეთოდ გამოყენება. რაში მოითხოვა ჩვენმა ქვეყანამ ფული და მიიღო კიდეც?  - კვლავ სატურისტო მშნებლობები, რესტავრაციები...

მძიმე შედეგების თავიდან აცილება უკვე შეუძლებელია. საზოგადოებრივ აქტიურობას დღეს მხოლოდ ისღა შეუძლია, კიდევ უფრო არ გაღრმავდეს კატასტროფული პროცესები. ამისათვის მათი აღკვეთაა საჭირო. კონკრეტულად და მხოლოდ ლაზიკასთან, როგორც პროექტთან დაპირისპირება, ჩემი აზრით, შედეგს არ მოიტანს. გზა მხოლოდ ორი არსებობს, და პირველ მათგანს თორიულიც კი არ ეთქმის: 1 - ხელისუფლების გამოსწორება, და 2 - ანტისახალხო ხელისუფლების შეცვლა - საზოგადოების ძალაუფლებით. 

2 comments:

  1. Anonymous6/20/2012

    კარგი ჩანაწერია, ოღონდ სოფლის მეურნეობაზე არგუმენტებითაა საჭირო აპელირება. 100 გადამამუშავებელი ქარხნის გაკეთებას რომ 300 მილიონი სჭირდება და ასეთი სუბსიდირების მომხრე თუ ხართ, ასევე ფიქრობთ რომ მოსახლეობის 50% კვლავ სოფლის მეურნეობაში უნდა იყოს დასაქმებული? განვითარებულ ეკონომიკებში სოფლის მეურნეობა ხომ მთლიანი შიდა პროდუქტის მიზერული ნაწილია (10%-ს არასოდეს აჭარბებს).. და რა უნდა ვუყოთ გლეხებს, რომელთა დიდ უმეტესობას მხოლოდ რამდენიმე ჰექტარი მიწა აქვთ? კოოპერატივებად გაერთიანდნენ? სახელმწიფომ მოაწყოს მათი ორგანიზება?

    ReplyDelete
  2. Anonymous - დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საკითხი დასვით. აქ ჩემი მიზანი არ ყოფილა სოფლის მეურნეობაზე სპეციალური ლაპარაკი, მაგრამ რასაკვირველია, თუნდაც მინიშნებას როცა აკეთებ, შემდგომი გაშლაა საჭირო. ვეცდები შემდეგი ბლოგის სახით ვუპასუხო თქვენ შეკითხვებს

    ReplyDelete